ისტორია



ქალაქი პრაღა





ულამაზესი, ზღაპარ-ქალაქი, საოცარი არქიტექტურით, მოკირწყლული ქუჩებით თავაზიანი მძღოლებით, წარმოსადეგი და სანდომიანი ხალხით. აქ ლუდი ისეთია ვერ დანაყრდები, ქალაქი ისეთია, რომ თვალიერებით ვერ დატკბები - ასე აფასებენ სოციალურ ქსელებში ტურისტები ქალაქს, რომლსაც დიდი ხანია ‘ქალაქთა ქალაქი’ უწოდეს. ჩვენ დღეს ჩეხეთის დედაქალაქ - პრაღაში ვიმოგზაურებთ.

ეს ულამაზესი ქალაქი მდინარე ვლტავის ნაპირებზეა გაშენებული. ისტორიული გარემოების წყალობით პრაღა ვითარდებოდა ბუნებრივად, მკვეთრი ნახტომების გარეშე. მისი იერი, როგორც წესი, იცვლებოდა ორგანულად, დროისა და მოთხოვნილების შესაბამისად და არა ცალკეული პატივმოყვარე ადამიანების მიერ. ამიტომაა, რომ პრაღა, იმაზე მეტად მომხიბვლელი და მყუდროა, ვიდრე ევროპის სხვა უმსხვილესი ქალაქები. პარადოქსია, მაგრამ პრაღამ შეძლო ერთდროულად გამხდარიყო სულ სხვანაირი და ამავედროს ტრადიციული.

ევროპული ბოჰემის შესაგრძნობად, გირჩევთ პრაღის ყველა კუთხე მოიაროთ. მოინახულეთ ვენცელსას მოედანი, ეროვნული თეატრი, ჩარლზის ხიდი, ბელვედერი, წმ.ნიკოლოზის ეკლესია და ძველი ქალაქის მოედანი, ვიტუსის ტაძარი, რომელიც პრაღის ერთგვარი სიმბოლოა. ტაძრის როგორც გარე და შიგა ფასადები განუმეორებელია. ფეხით გაისეირნეთ პრაღის სასახლის ტერიტორიაზე, რომელიც მე-9 საუკუნიდან ჩეხი მმართველების რეზიდენცია იყო. საინტერესო სანახავია თანამედროვე ჩეხური არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ნიმუში - ჟიჟკოვის ტელეკოშკი. ტელეკოშკში რესტორანი და ტურისტული ცენტრია,საიდანაც პრაღის უმშვენიერესი ხედები იშლება. ამ ტელეკოშკის დანახვისთანავე ყველას თვალში ხვდება ჩვილის სკულპტურები, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან თითქოს ბავშვები ანძაზე დაძვრებიან. ეწვიეთ პრაღის კრემლს - ერთ-ერთ უძველეს შენობას მსოფლიოში. ის მრავალი ობიექტისგან შედგება, ესენია: სასახლეები, მონასტრები, ბაღები. ეს არის არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალური ძეგლი, რომელმაც დაწყებული რომაული პერიოდიდან ყველა მხატვრული ეპოქა გაიარა.

მას შემდეგ, რაც მეფეებისა და პრეზიდენტების რეზიდენციას დატოვებთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ე.წ. ზლატა ულოჩკა. მომცრო, ერთმანეთზე მიკრულ მრავალფეროვან სახლებში ძველ დროში ალქიმიკოსები ცხოვრობდნენ.

პრაღის უძველესი უბნები, მდინარე ვლტავის ორივე მხარესაა განლაგებული. მათ ერთმანეთთან რამდენიმე ლამაზი და ისტორიული ხიდი აკავშირებს. ხიდების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს. მაგრამ კარგი იქნება მოინახულოთ ”კარლოსის ხიდი, ლეგიონების ხიდი და მანესის ხიდი.

კარლოსის ხიდს ეს სახელი მას მეფე კარლ IV-ის საპატივცემულოდ ეწოდა. XVII საუკუნეში კარლის ხიდი რომის ანგელოზების ხიდის მსგავსად, ქანდაკებებით მორთეს. ხიდზე ყველა ცნობილი იან ნეპომუცკის ქანდაკებაა, რომელიც სამეფო ოჯახის მოძღვარი იყო. ლეგენდის თანახმად, როცა მან მეფეს ღალატში ეჭვმიტანილი დედოფლის აღსარება არ გაუმხილა, ის ხიდიდან გადააგდეს. მოძღვარი წმინდანად შერაცხეს, ხოლო მის ისტორიას ახლა პრაღაში ჩასულ ყველა ტურისტს უამბობენ. წმინდანის ქანდაკებას ადვილად იცნობთ. როგორც ამბობენ, თუ მას ხელით შეეხები და სურვილს ჩაიფიქრებ, ის აუცილებლად აგისრულდებათ.

ლეგიონების ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო ორ სანაპიროს, არამედ მდინარე ვლტავის შუაგულში არსებულ პატარა კუნძულს - “სტრელეცკს”. კუნძულზე ხიდიდან კიბით ჩახვალთ და საოცარ გარემოში აღმოჩნდებით. ხეებით დაფარული კუნძულის სასეირნო ბილიკები, ძველებური ფანრები და თეთრი ულამაზესი გედები, მართლაც რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის.

კარგი იქნება ეწვიოთ ვიშეჰრადს - ამ უძველეს ციხესიმაგრეში, პრაღის შემაღლებულ ადგილას, ისტორიულ ძეგლებთან ერთად, უზარმაზარი პარკიცაა, რომლიდანაც პრაღის საუკეთესო ხედები იშლება. აქვია გაშენებული ვენხები და ჩეხურ ღვინის რესტორანში ცხელი ღვინითაც გაგიმასპინძლდებიან. ცხელი ღვინისა და საქვეყნოდ აღიარებული უგემრიელესი ჩეხური ლუდის გარდა, პრაღაში კიდევ ერთი საოცარი სასმელი გელით - აბსენტი. ეს სასმელი არის სხვადასხვა ფერის, ყვითელი, წითელი და ყავისფერი, მაგრამ ძირითადად გავრცელებულია მწვანე შეფერილობის აბსენტი. აბსენტი პრაღაში აკრძალული არ არის და ესეც ერთ-ერთი ტურისტული სატყუარაა. სწორედ ამიტომ პრაღის ძველი ქუჩები დალევისა და ჰალუცინოგენური თრობის მოყვარული ამერიკელებისა თუ ევროპელების სასურველი ადგილია. იმის მიუხედავად, რომ ზუსტად არავინ იცის სად გაჩნდა პირველი აბსენტი, ბოჰემიაში ირწმუნებიან, რომ ბოჰემის შთაგონების წყარო, სწორედ მათთან, პრაღაში დაიბადა.

ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

http://www.elitetour.ge/index.php/2011-06-01-11-20-05/2011-06-01-11-25-31.html

Комментариев нет:

Отправить комментарий